ზოოპარკი


 <<<  დააჭირეთ

თბილისის ზოოლოგიური პარკი 1927 წლის 10 თებერვალს დაარსდა, რომელსაც ვერის ხეობაში 70 ჰა მიწის ფართობი გამოეყო. ზოოპარკის პირველი დირექტორი გ.ა. ჰანსონი იყო. თავდაპირველად, ზოოპარკში   შემდეგი განყოფილებებიფუნქციონირებდა: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ფაუნის, ეგზოტიკური ცხოველების და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების. 1931 წელს ზოოპარკში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია და ზოოლოგიური მუზეუმი. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობითზოოპარკს ბიოლოგიური სადგურიც დაემატა, რომელიც 1938 წელს თსუ-ს გადაეცა. თბილისი ზოოპარკს ცხოველებით ე.წ. ,,ზოოცენტრი“ ამარაგებდა. ზოოპარკში სხვადასხვა დროს ცნობილი მეცნიერები მუშაობდნენ, მაგალითად, საქართველოში ცხოველთა ფიზიოლოგიის ფუძემდებელი აკადემიკოსი ი. ბერიტაშვილი, რომელიც სამეცნიერო ექსპერიმენტებს პრიმატებზე ატარებდა.
ამჟამად, თბილისის ზოოპარკში შემდეგი განყოფილებები ფუნქციონირებს: მტაცებლებისა და პრიმატ-მღრღნელების, ფრინველების, ჩლიქოსნების, ეგზოტარიუმის (რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების), ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი. ზოოპარკში ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოყვანილ ცხოველთა 300-მდე სახეობაა. მათ შორის: თეთრი მარტორქა, თეთრი ლომები, თეთრი ვეფხვები, უსურიის ვეფხვი, გარეული აფრიკული ძაღლები და სხვა. 2007 წელს კი თბილისის ზოოპარკში კავკასიაში პირველი ზღვის აკვარიუმი გაიხსნა.
თბილისის ზოოლოგიურ პარკში სტუმრობის დროს ბევრი საინტერესო ცხოველი  მოვინახულეთ. მათ შორის ისეთი სახეობები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ უიშვიათეს ცხოველებს წარმოადგენენ და ველურ ბუნებაში  მცირე რაოდენობით არიან დარჩენილი. ზოოპარკში ბინადარმა ცხოველებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. აქ ვნახეთ:ძუძუმწოვრებიდან - აფრიკული ლომი, დიკ-დიკი, თეთრი მარტორქა, კეთილშობილი ირემი, ზოლებიანი აფთრები, დაბლობის ტაპირი, მილკბილა, ლამა, აფრიკული ველური ძაღლები, თეთრი ლომები, ჰიპოპოტამი, ლელიანის კატა და სხვა; ფრინველებიდან - აფრიკული სირაქლემა, მთის არწივი, თუთიყუში, სვავი, ფარშავანგი, პინგვინები  და სხვა; ქვეწარმავლებიდან - აფრიკული კლდის პითონი, ვეფხვისებრი პითონი, ნილოსის და კუბური ნიანგი, გიურზა, ანაკონდა და სხვა; თევზებიდან - ანცისტრუსი, ასტრონოტუსი და კოი.