მუზეუმი გაიხსნა 1946 წელს აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ.
მუზეუმის ყველაზე ძველი და ამავე დროს პირველი კოლექცია არის IX საუკუნის ბოლოს “კავკასიურ მუზეუმში” და “საქართველოს მუზეუმში” დაცული ექსპონატები, რომლებიც მუზეუმებმა საჩუქრად პირველი უმაღლესი სასწავლებელის ზოოლოგიის კათედრას გადასცეს.
2012 წლიდან მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ განახლებული კოლექცია. დღეისათვის ექსპოზიცია 5000 – მდე სადემონსტრაციო ექსპონატს მოიცავს.
ზოოლოგიურ მუზეუმში
ჩვენ მოვინახულეთ უხერხემლო და ხერხემლიან
ცხოველთა უნიკალური ექსპონატები. აქ ინახება მარჯნის პოლიპები, რომლებიც ინდოეთისა
და წყნარ ოკეანეშია მოპოვებული. მუზეუმში გვხვდება ცისფერი, თეთრი, ყვითელი, იასამნისფერი
და წითელი მარჯანი, რომელსაც კეთილშობილ მარჯანს უწოდებენ. ვნახეთ, როგორც საქართველოს,
ასევე ტროპიკული ქვეყნების პეპლებისა და ხოჭოების სახეობები.აქვეა მოლუსკები, კიბოსნაირები,
ობობები და სხვა. ფონდში დაცულია იშვიათი სახეობის თევზები: მფრინავი თევზი, ზღარბთევზა,
მთვარა თევზი, შავი ზღვის ზვიგენი და სხვა; ქვეწარმავლებიდან - ვარანი, ნილოსის ნიანგი,
კაიმანი, პითონი და სხვა; ფრინველების უნიკალური კოლექცია, რომელიც მოიცავს საქართველოში
ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას. მათ შორის ,,წითელ წიგნში“ შეტანილ
სახეობებს, როგორიცაა: ბექობის არწივი, სავათი, სარსარაკი, კავკასიური როჭო, სვავი,
ორბი, წიწკანა და სხვა. მუზუმში ვნახეთ ფრინველთა კვერცხების კოლექციაც. შთამბეჭდავია
ჟირაფის, გარეული ტახის, მფრინავი მელიის (ღამურა), გარეული კატის, ციყვების, იხვნისკარტას,
დედოფალას, მაკაკასა და სხვათა ფიტულები. საინტერესოა ჩონჩხების კოლექციაც, მათ შორის:
ლომების, ზოლებიანი აფთრის, კენგურუს, სელაპის, ტურის, მაიმუნის, ჭიანჭველაჭამიასა
და სხვა. ლამაზი სანახავია კეთილშობილი ირმის, ჯიხვების, ნიამორის, ანტილოპას, ლოსის,
გარეული კამეჩის, მარტორქისა და ქურციკის რქები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია
ცისფერი ვეშაპის ულვაშმა. ვნახეთ მინის ჭურჭელში (სპირტში ან ფორმალინში) შენახული
პარაზიტი ჭიების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების ნიმუშები; ასევე სხვადასხვა ცხოველის
შინაგანი ორგანოების - სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემის
აგებულების ამსახველი მასალა.